2016 წლის 21-27 ნოემბერს, ქ. ათენის პალეო ფალირონის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, „ფლისვოს“ («ΦΛΟΙΣΒΟΣ»), გაიმართა საბერძნეთში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩვენი თანამემამულის, ცნობილი დიზაინერის – ნინო ლომაშვილი-ლასკარის პერსონალური გამოფენა. მრავალი ნაციონალური თუ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელმა, ქალბატონმა ნინო ლომაშვილი-ლასკარიმ ამჟამად წარმოადგენა თავისი იშვიათი ხელთნაკეთი სამკაულების ახალი კოლექცია – „პერისტერონეს“ («Περιστερεώνες», ქართულად – „სამტრედეები“), რომელიც შთაგონებულია კიკლადების კუნძულებზე და კერძოდ, კ. ტინოსზე შემორჩენილი ბერძნული ტრადიციული არქიტექტურული ფორმებისაგან. 

გამოფენის ორგანიზატორი გახლდათ პალეო ფალირონის მერი, ბატონი დიონისოს ხაძიდაკისი.
ღონისძიების ეგიდა:
~ საქართველოს საელჩო საბერძნეთისა & სერბეთის რესპუბლიკებში;
~ საბერძნეთის ხელოვნების, ლიტერატურისა & მეცნიერების UNESCO-ს ასოციაცია;
~ ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“.
გამოფენის ოფიაცილურ გახსნაზე (21.11.2016), რომელმაც ბრწყინვალედ ჩაიარა, მოწვეულნი იყვნენ საბერძნეთის ცნობილი ხელოვანები, პოლიტიკოსები, მას-მედიის წარმომდგენლები, ტელე-ჟურნალისტები (საბერძნეთის 3 სატელევიზიო არხი), უცხოელი დიპლომატები: საბერძნეთში აკრედიტებული რამდენიმე ქვეყნის ელჩი და მათი მეუღლეების ორგანიზაციის წევრები (LAASA – Lady Ambassadors, Ambassadors’ Spouses, Athens), რომლებიც საქართველოს ელჩის მეუღლის, ქალბატონ მარიამ ჩქარეულის ინიციატივით, ყოველთვის აქტიურობენ საელჩოს მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე.

საქართველოს საელჩოდან წარმოდგენილი იყო მთელი დიპლომატიური კორპუსი, ელჩის, ბატონ იოსებ ნანობაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც „ქართულ-ბერძნული ურთიერთობის ხელშეწყობისათვის“ საპატიო სიგელი და ახლადდაარსებული საერთაშორისო ჯილდო „ჯვარი ვაზისა“ («Σὺ εἶ ἡ ἄμπελος...», ავტორი: ნინო ლომაშვილი-ლასკარი) გადასცა ბერძენ ბიზნესმენს, დიმიტრის კონდომინასს.
პალიო ფალირონის მერი, ბატონი დიონისიოს ხაძიდიკისი, ქართული ხელოვნებისადმი გაწეული მხარდაჭერისათვის „საბერძნეთის ხელოვნების, ლიტერატურისა & მეცნიერების UNESCO-ს ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ქალბატონმა დესპინა (ნინა) დიაკოვასილიმ დააჯილდოვა.
თანამედროვე საბერძნეთის თეატრალურ ცხოვრებაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის (სამი სეზონის საუკეთესო დადგმა – “ΣΜΥΡΝΗ ΜΟΥ ΑΓΑΠΗΜΕΝΗ“) და ემიგრანტებისა და ლტოლვილთა დახმარების საქმეში გაწეული დიდი წვლილისთვის კი – მსახიობი და სცენარიოგრაფი მიმი დენისი, ათენის განათლებისა & კულტურის ცენტრ “კავკასიას” პრეზიდენტმა პროფ. ავთანდილ მიქაბერიძემ დააჯილდოვა. როგორც ცნობილია, მიმი დენისის სპექტაკლის კვიპროსზე ჩატარებული გასტროლებიდან დაგროვილი თანხა, მთლიანად გადაირიცხა ფონდში “ექიმები საზღვრების გარეშე“, რომლის საქმიანობა სწორედ ლტოლვილებსა და ემიგრანტების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ხმარდება. ქალბატონმა მიმი დენისმა, თავის სამადლობელო სიტყვაში, ქართველი ხელოვანი ნინო ლომაშვილი-ლასკარი ყველა უცხოელისათვის მისაბაძ მაგალითად დასახა, რომელმაც დიდი შრომით მოიპოვა საპატიო ადგილი უცხო ქვეყანაში!

გამოფენის გახსნის საღამო დასრულდა საზეიმო მიღებით, ქართული მელოდიებისა და ქართული ღვინის დაჭაშნიკებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *