936791_378545855584832_789896889_nა.წ. 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფეობრივი დამოუკიდებლობის ზეიმთან ერთად, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქ. ათენის ერთ-ერთ ცენტრალურ თეატრში „ვეაკი“ ჩატარდა საქველმოქმედო აქცია-კონცერტი, მახათას მთაზე სასწაულთმოქმედი ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატის სავანის მშენებლობის მხარდასაჭერად.
აქციის ორგანიზატორები გახლდათ: მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახ. სავანის მშენებლობის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფი & ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ საბერძნეთში აღზრდილი ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლები.
აქცია-კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში, ბატონმა დავით ბაქრაძემ, რომელმაც მილოცვებთან ერთად გააჟღერა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ბატონ კონსტანტინე სურგულაძისა და ფონდის „ივერიისა“ დამფუძნებლის, ბატონ პაატა ბურჭულაძის მიმართვები კონცერტის მონაწილეებისა და ორგანიზატორებისადმი.
აქციის მომზადების პროცესში ათენელ ქართველთა საპატიო სტუმარი გახლდათ ქართული ესტრადის ვარსკვლავი – ბესო კალანდაძე, რომელიც როგორც პედაგოგი, ერთი კვირის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ უტარებდა „მასტერ-კლასებს“ახალგაზრდა ქართველ შემსრულებლებს. ბატონმა ბ. კალანდაძემ არა მარტო თავად მიიღო მონაწილეობა საზეიმო კონცერტის დასკვნით ნაწილში, არამედ მან, თავის ახალ შეგირდთაგან ორი ნიჭიერი ახალგაზრდა წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას.
აქცია-კონცერტის შემდეგ გაიმართა საზეიმო მიღება ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრში “კავკასია”. საპატიო სტუმრებს შორის გამოირჩეოდა ლეგენდარული ბერძენი მომღერალი იოვანა (კალპაკსის).
აქციის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს საელჩო საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში, საქველმოქმედო ფონდი „ივერიისა“, საბერძნეთის ხელოვნების, ლიტერატურისა & მეცნიერების UNESCO-ს ასოციაცია, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“, „Γεωργιανή Εφημερίδα – ქართული გაზეთი“, გაზეთი „ელადა“, ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაცია, ათენის ვახტანგ VI სახელობის ქართული საკვირაო სკოლა, საბერძნეთის ემიგრანტ ქართველ ქალთა კავშირი, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდის ცენტრები „ნინი“ და „ყვავილების ქვეყანა“.
აქციიდან შემოსულია დაახლ. 3.000 € (სამი ათასი ევრო), რომელიც უახლოეს დროში გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდ „ივერიისა“-ს ანგარიშზე და დეტალურად გაშუქდება FB-ის საგანგებოდ შექმნილ გვერდზე: www.facebook.com/pages/Iveriisa-in-Athens-ფონდი-ივერიისა-ათენში/371929989579752