2014 წლის 9 თებერვალს, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ “კავკასია”-ს ბაზაზე დაარსდა “ათენის წმ. ექვთიმე მთაწმინდელის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა”, რომელიც შეიქმნა „ათენის ქართული ინსტიტუტის“ სამეცნიერო, და საგანმანათლებლო ცენტრ “კავკასია”-ს მხატვრული ლიტერატურის ბიბლიოთეკების შერწყმის საფუძველზე. ბიბლიოთეკა მოიცავს დაახლოებით 2500 ერთეულს.

ათენის ბიბლიოთეკას საქართველოს სხვადასხვა გამომცემლობებმა 300-ზე მეტი წიგნი გადასცეს საჩუქრად და ასევე, სხვადასხვა ცნობილმა ავტორებმა საკუთარი ავტოგრაფებით. დიდი ნაწილი წიგნებისა მიღებულია საჩუქრად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისაგან.

ათენის ბიბლიოთეკის გახსნას ესწრებოდა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე, მეუღლითურთ, რომელიც მიესალმა საზოგადოებას და აღუთქვა დახმარება ბიბლიოთეკის მესვეურებს მომავალ საქმიანობაში.

ათენის წმ. ექვთიმე მთაწმინდელის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის მისამართია: ქ. ათენი, პატისიონის 81 (“ვიქტორიას მოედანი”), განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”.